
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამართალდამცავი უწყებები ცენტრალურ აზიაში“ (LEICA) ფარგლებში, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურების ხელმძღვანელებს უმასპინძლა.
ბიუროს უფროსმა დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბიუროში დანერგილი სიახლეების და საექსპერტო მიმართულებით, სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
საქართველოში სასამართლო ექსპერტიზის განვითარება და რეფორმები ცენტრალური აზიის პარტნიორებს შორის დიდ ინტერესს იწვევს. განსაკუთრებული ყურადღების საგანს კი ლაბორატორიების ჩამოყალიბების და განვითარების პროცესი, მათი ხარისხის უზრუნველყოფა და საერთაშორისო აკრედიტაციის მიმართულბით (ISO 17025) განსახორციელებელი პროცედურები წარმოადგენს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს ბიუროს საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტებული კრიმინალისტიკური, ქიმიურ-ნარკოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიები, სამედიცინო და საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტები. ასევე ესტუმრნენ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტს ქუთაისში და დეტალურად გაეცნენ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიების საქმიანობის სპეციფიკას.