Image

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი გურამ დუმბაძე ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის №2006 განკარგულების საფუძველზე ბიუროს მიერ შემუშავებული სამშენებლო მასალების, მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის, მანქანა-მოწყობილობებისა და საავტომობილო გადაზიდვების სარეკომენდაციო ფასების განსაზღვრის მეთოდოლოგია და განახლებული მიდგომები წარუდგინა.

აღინიშნა, რომ სარეკომენდაციო ფასების შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ეროვნული ბიუროს სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური ექსპერტები, რომლებმაც ფასების განსაზღვრისას იხელმძღვანელეს ფაქტობრივი მონაცემებით, მოქმედი სამშენებლო პრაქტიკითა და ბაზრის სიღრმისეული ანალიზით.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) თანაორგანიზებით გაიმართა.