Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფოტო, ვიდეო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტებმა გაიარეს ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის შტატში (. არლინგტონი) ამერიკული კომპანია Ideal Innovations, Inc-ის მიერ ორგანიზებულ სპეციალიზებული სახის საიდენტიფიკაციო პროფესიული ტრენინგი - Facial Identification Training (F.I.T.) 202 Facial Examination Course.

გადამზადების შედეგად, ექსპერტებმა შეისწავლეს სახის შედარებითი ანალიზის განვითარების ეტაპები, ასევე გაეცნენ წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების - FISWG (Facial Identification Scientific Working Group, სახის საიდენტიფიკაციო სამეცნიერო სამუშაო ჯგუფი), ENFSI (European Network of Forensic Science Institutes - სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელი), OSAC (Organization of Scientific Area Committees - სამეცნიერო სფეროების კომიტეტების ორგანიზაცია) და ASTM (Advancing Standards Transforming Markets - სტანდარტების განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია) - მიერ შემუშავებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელოებს, რომლებიც თანამედროვე საექსპერტო პრაქტიკის საფუძველს წარმოადგენენ.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში განხილულ იქნა სხვადასხვა ფაქტორის გავლენა სახის გამოსახულების მიხედვით პირის იდენტიფიკაციაზე, მათ შორის: ნარკოტიკული, ალკოჰოლური და ნიკოტინდამოკიდებულება, ასაკობრივი ცვლილებები, გენდერის ცვლილება, იდენტური ტყუპების თავისებურებები, ქირურგიული ჩარევა და წონის მკვეთრი ცვლილება. ასევე, ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე წარმოშობილ თანამედროვე გამოწვევებს სახის შედარებითი ანალიზის პროცესში.

ექსპერტები პრაქტიკულადაც გაეცნენ სახის მორფოლოგიური ანალიზისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას, მის ფუნქციურ რესურსსა და სამუშაო სპეციფიკას. შესაბამის სასწავლო ქეისებთან ერთად, ბიუროში ჩამოტანილია აღნიშნული პროგრამის ერთთვიანი ლიცენზია, რაც დამატებით შესაძლებლობას ქმნის და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანისა და დანერგვის საშუალებას იძლევა.

ტრენინგის ფარგლებში ბიუროს წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია OSAC-ის (Organization of Scientific Area Committees - სამეცნიერო სფეროს კომიტეტების ორგანიზაცია) წევრობის შესაძლებლობების შესახებ, რაც ბიუროს საერთაშორისო პროფესიულ ქსელში ინტეგრაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.