Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო-ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტებმა იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე გამართულ საერთაშორისო კრიმინალისტიკური საზაფხულო სკოლის შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის წამყვანი საექსპერტო და სამეცნიერო უწყებების წარმომადგენლები, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა თანამედროვე კრიმინალისტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი. მათ შორის:

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ექსპერტიზაში;
  • ბიომეტრიული მტკიცებულებების სანდოობა;
  • ციფრული ექსპერტიზის, კიბერუსაფრთხოებისა და სამართლებრივი ჩარჩოების ურთიერთკავშირი;
  • ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროკავშირის აქტი;
  • ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები.

გარდა თეორიული ნაწილისა, დიდი ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მუშაობას. კერძოდ,  გაიმართა  სახის ამოცნობის ონლაინ შეჯიბრი, რომელშიც ბიუროს ექსპერტებმა პირველი ადგილი მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ექსპერტები, მათი პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობის მიმართულებით  მაღალი კვალიფიკაციის, ცოდნის და პირადი გამოცდილების გაზიარების მიზნით, კრიმინალისტიკის საზაფხულო სკოლის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და სპონსორმა "Amped Software"-მა სექტემბრის თვეში დაგეგმილ ღონისძიებაში  სახელწოდებით "მომხმარებლის დღეები" (User Days) მონაწილეობის მისაღებად და პრეზენტაციის წარსადგენად მიიწვია.

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად ზრუნავს ექსპერტების პროფესიულ განვითარებაზე, რომლებიც მიღებულ საერთაშორისო გამოცდილების და ცოდნის,  უახლეს მეთოდებს და ინოვაციურ სიახლეებს აქტიურად ნერგავენ და ავითარებენ საექსპერტო საქმიანობაში.