Image

სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო ყოჩიაშვილი ქალაქ ლუქსემბურგში “სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის”  (ENFSI) დნმ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრასა და  CODIS ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, რომელსაც ორგანიზება  ლუქსემბურგის ეროვნული ლაბორატორიის გენეტიკური ექსპერტიზის სამსახურმა გაუწია.

34 ქვეყნის წამყვანი საექსპერტო დაწესებულებების ექსპერტებმა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს და იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

️დნმ-პროფილის ბაზაში დამთხვევის საინტერესო შემთხვევები;

გენეტიკური გენეალოგია და სასამართლო ექსპერტიზა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიკაცია;

️ლაბორატორიების ხარისხის კონტროლი, ბიოლოგიური მასალის პრეზუმციული და დამადასტურებელი კვლევები;

️დნმ-ანალიზის მეთოდები, ვალიდაცია და სამუშაო პროცესის ავტომატიზაცია;

️ხელოვნური ინტელექტის როლი ექსპერტიზაში.

გარდა ჩამოთვლილი საკითხებისა, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს CODIS მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებული ვერსიის უპირატესობები და დნმ-ის მონცემთა ბაზების CODIS დახმარების საერთაშორისო ცენტრის (Help Desk) ფუნქციები და მოვალეობები;

საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად ექსპერტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მსოფლიოში წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული ულტრათანამედროვე საექსპერტო ხელსაწყოებისა და რეაქტივების გამოფენას.

აღსანიშნავია, რომ დნმ  მონაცემთა შესახებ კანონი საქართველოში 2025 წლის 4 მარტიდან შევიდა ძალაში  და მისი მიზანია დანაშაულის პრევენციის, მისი გახსნისა და გამოძიების, ასევე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა.