
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოსთვის ავტომატური დისტილატორი “DIANA 300” ( საწვავის ავტომატური გამოსახდელი აპარატი) შეიძინა.
,,DIANA 300" მაღალი სიზუსტის ლაბორატორიული ინსტრუმენტების მწარმოებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ავსტრიული კომპანიის „Anton Paar GmbH“ მიერ შექმნილი ხელსაწყოა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტული მეთოდების ASTM D 86, EN ISO 3405, ГОСТ 2177 მიხედვით ნავთობპროდუქტების დისტილაციას უზრუნველყოფს და ატმოსფერულ წნევაზე სრულად არის სტანდარტიზებული.
დისტილატორის მეშვეობით შესაძლებელია სასურველი პროგრამების არჩევა და მართვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე - უსითხო გაგრილება, ე.წ. „Peltier“ ტექნოლოგია და ოპტიკური გაზომვის სისტემა კონდენსატის მოცულობის ზუსტი ათვლისათვის.
მასში ჩამონტაჟებული წნევის სენსორი ავტომატურად განსაზღვრავს დუღილის დაწყებისა და დამთავრების ტემპერატურებს ბარომეტრული წნევისა და გამოხდის ნარჩენის კორექციის გათვალისწინებით. უსაფრთხოებას კი უზრუნველყოფს ცეცხლმაქრი, რომელიც ინფრაწითელი სენსორით იმართება.
დისტილატორი “DIANA 300”-ით შესაძლებელია უმოკლეს დროში, მაღალი სიზუსტის შედეგის მიღება, რასაც, საწვავის ხარისხის შეფასებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული ფაქტორები ზრდის ლაბორატორიის შესაძლებლობებს, დროის მცირე მონაკვეთში, ოპერატორის მინიმალური ჩარევით, უფრო მეტი ანალიზი შეასრულოს.
ხელსაწყოს ინსტალაციის შემდგომ, ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტებმა სწავლება წარმატებით გაიარეს. პროექტი მწარმოებლის „ANTON PAAR” ავტორიზებულმა სერვის-ინჟინერმა/ტრენერმა განახორციელა.
აღნიშნული ტრენინგი ხელსაწყოზე მუშაობისთვის საჭირო ყველა ტექნიკური უნარ-ჩვევების ათვისებასა და სამუშაო მეთოდების პრაქტიკაში დანერგვას მოიცავდა. სწავლების დასრულების შემდგომ, ექსპერტებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.