Image

ფასდაუდებელია მისი დამსახურება საქართველოში სასამართლო ექსპერტიზის განვითარების საქმეში.  სწორედ ლევან სამხარაულის ხედვითა და ძალისხმევით, 2004 წელს საექსპერტო სფერომ განიცადა ფუნდამენტური ტრანსფორმაცია. მისი ინიციატივით, ქვეყანაში არსებული ცალკეული საექსპერტო ლაბორატორიები გაერთიანდა და ჩამოყალიბდა, როგორც ერთიან სისტემაში მოქცეულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, თანამედროვე საექსპერტო დაწესებულებად.

ლევან სამხარაულის თაოსნობით, დაიწყო ბიუროს ინსტიტუციური განვითარება. მისი ხელმძღვანელობით გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯები, საერთაშორისო სტანდარტებისა და მეცნიერული მეთოდოლოგიების დასანერგად. პარალელურად, დაიწყო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ქართველ ექსპერტებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, დაემყარებინათ პროფესიული კავშირები უცხოელ კოლეგებთან და გაეზიარებინათ მათი ცოდნა და გამოცდილება.

მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ბიურომ დაიმკვიდრა მიუკერძოებელი, ობიექტური და სანდო საექსპერტო დაწესებულების რეპუტაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე და დღესაც, დანერგილი მეთოდებით, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიებით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით მოწინავეა მთელი რეგიონის მასშტაბით.

სამწუხაროდ, მოღვაწეობიდან მოკლე დროში, 2005 წელს, ლევან სამხარაული ტრაგიკულად დაიღუპა. თუმცა, მისი სახელი უკვდავყოფილია – ექსპერტიზის ბიურო ლევან სამხარაულის სახელს ატარებს.