Image

2025 წლის 12 მარტს, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპული კიდევ  6 მეომრის იდენტიფიცირებული ნეშტი გადაეცათ ოჯახებს.

შეხვედრას ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე,  საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია ესწრებოდა.

იდენტიფიკაციის პროცესი, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს, წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს და ხორციელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ამჟამად იდენტიფიცირებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებში დაღუპული 323 სამხედრო და სამოქალაქო პირი. ყოველი  ამოცნობილი ნეშტი, ათწლეულების განმავლობაში გაურკვევლობაში მყოფ ოჯახებს საშუალებას აძლევს ღირსეული პატივი მიაგონ თავიანთ ოჯახის წევრებს.

სახელმწიფო უწყებების განცხადებით, პროგრამა გაგრძელდება მის სრულ დასრულებამდე. ეს პროცესი არის სიმბოლური ჟესტი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფოს ერთგულებას დაღუპული გმირების ხსოვნისა და მათი ოჯახების მიმართ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებული გმირების სახელები სამუდამოდ დარჩება ქვეყნის ისტორიაში.