
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის, დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის სამმართველოს ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევითი პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე, შეძენილ იქნა შვეიცარიული წარმოების, უახლესი საექსპერტო კვლევითი სისტემა PROJECTINA“ „SPECTRA PRO+“.
აღნიშნული სისტემა გამოიყენება ყველა სახის საბუთის (პირადობის, მართვის, დაბადების, ქორწინების მოწმობები, პასპორტი, ვიზა და ა.შ) და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ვალუტის გამოსაკვლევად და შესაძლებლობას იძლევა დოკუმენტების კვლევა ჩატარდეს დახრილ, გამჭოლ, ულტრაიისფერ, ინფრაწითელ ამრეკლ, ინფრაწითელ ლუმინისცირებულ, კოაქსიალურ და „anti-stokes“ სხივებში. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ იგი თავსებადია 180-მდე სხვადასხვა ქვეყნის პასპორტებზე, ბანკნოტებისა და სხვა საბუთებზე არსებული დამცავი ნიშნების უნიკალურ ბაზასთან, რომელიც შეძენილი აქვს სეებ-ს და იყენებს დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის კვლევებში.
კვლევით სისტემას გააჩნია - 24,5mp კამერა, რომლის ხედვის არეალია - 224x168mm, გადიდება - 500x, ხოლო სხივების ტალღის სიგრძეებს შორის დიაპაზონი შეადგენს - 2,4mm. შედარებითი კვლევის ჩატარება შესაძლებელია 16 ფანჯარაში გვერდი-გვერდ და ასევე 3D ფორმატში. აღნიშნული მონაცემები იძლევა შედარებითი კვლევისას მაღალი გარჩევადობის და უმაღლესი ხარისხის გამოსახულებების მიღების შესაძლებლობას. დანადგარი გამოირჩევა გამოყენების სიმარტივით, ზრდის პროდუქტიულობას და ზოგავს დროს. მისი ავტომატური, დისტანციური მართვის არეალი იძლევა საშუალებას ექსპერტებმა კვლევის პროცესში მარტივად მოახდინონ ფოკუსირება საკვლევი ობიექტის, მათთვის საინტერესო არეალზე, რა დროსაც მომხმარებელი არ ხარჯავს დროს საკვლევი ობიექტების ხელით გადაადგილებაზე. მაღალი სიზუსტის სპექტროსკოპიისა და ჰიპერსპექტრული გამოსახულების მოდულები, იძლევა საშუალებას ადვილად იქნას აღმოჩენილი საბუთზე მომხდარი უმნიშვნელო მანიპულაცია.
ახლად შეძენილი კვლევითი სისტემის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტრენინგი გაიმართა სეებ-ში - 11-13 თებერვალს, რომელიც ექსპერტთათვის ჩაატარა კომპანია „PROJECTINA“-ს შვეიცარიელმა სერთიფიცირებულმა სპეციალისტმა - მარსელ ვილმა. ტრენინგის მსვლელობისას დეტალურად და ამომწურავად იქნა განხილული სისტემის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ჯეროვნად აითვისეს სეებ-ის ექსპერტებმა და გაიცა აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატები.