
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ - ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველომ სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) ყოველწლიურ პროფესიულ ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა.
ტესტირებაში ბიუროს ექსპერტების გარდა, ევროპის ქვეყნების ოთხმოცამდე წამყვანი ლაბორატორიის ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას.
ENFSI - ის ნარკოტიკების სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იქნა 4 საანალიზო ნიმუში. კერძოდ, უცნობი შემადგენლობის ფხვნილები, რომელშიც მონაწილე ლაბორატორიებს უნდა განეხორციელებინათ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების თვისებრივი და რაოდენობრივი შემცველობის, ასევე აქტიური კომპონენტების ანიონური შემადგენლობის განსაზღვრა, ანალიზის მეთოდის განუზღვრელობის შეფასება და მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება.
ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიის ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ ტესტირებისთვის წარმოდგენილი ნივთიერებები გახლდათ ნარკოტიკული საშუალებები - კოკაინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი მცენარეული ფხვნილი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - 3-CMC (3-ქლორომეთკათინონი). ექსპერტების მიერ სწორად იქნა შეფასებული ამ ნივთიერებების თვისებრიობა, ხოლო ორი მათგანის - კოკაინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი მცენარეული ფხვნილის - შემთხვევაში - მათი თვისებრიობა და რაოდენობრივი შემცველობაც.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტესტირებაში, გამოცდილ ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს დამწყებმა ექსპერტებმა და პროფესიული ტესტირების სტატისტიკური შეფასების კრიტერიუმის - Z-score < 2 - მიხედვით უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ - ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო 2010 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო ტესტირებებში (ENFSI, UNODC, EDQM-STRASBOURG) და მუდმივად წამყვან პოზიციებს იკავებს. 2024 წლის მონაცემებითაც, ბიურო ევროპის წამყვანი ლაბორატორიების გვერდითაა, რაც ექსპერტთა მაღალი კვალიფიკაციის, კვლევის აპრობირებული მეთოდებისა და გამოყენებული ხელსაწყო-აპარატურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მაჩვენებელია.