2024 წლის მაისის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო პროფესიულ ტესტირებაში.
ტესტირებას ორგანიზება ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორის კვლევათა ინსტიტუტმა (IIS) გაუწია, რომელიც დამოუკიდებელ ორგანიზაციას წარმოადგენს და ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიათაშორის კვლევებს (საკვალიფიკაციო ტესტები, ჯვარედინი შემოწმება, ერთობლივი კონტროლი) 100-ზე მეტი მონაწილე ქვეყნის ანალიტიკური ლაბორატორიებისათვის.
ინსტიტუტის (IIS) მიერ მოწოდებული იქნა ძრავის ზეთის (Engine oil (fresh), iis24L07) უცნობი ნიმუში, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად განესაზღვრა 18 ფიზიკო-ქიმიური პარამეტრი:
- მჟავური რიცხვი პოტენციომეტრული ტიტრაციით;
- ტუტე რიცხვი პოტენციომეტრული ტიტრაციით;
- სიმკვრივე 15C-ზე ოსცილაციური სიხშირის მეთოდით;
- ფეთქების ტემპერატურა ღია და დახურულ ტიგელებში;
- აქაფებისადმი მიდრეკილება და სტაბილობა;
- (მიმდევრობა I, II, III), კინემატიკური სიბლანტეები 40 და 100C-ზე;
- სიბლანტის ინდექსი პირობითი სიბლანტე (CCS) მინუს 30C-ზე, გამყარების ტემპერატურა;
- ელემენტების - კალციუმის Ca, ფოსფორის P და თუთიის Zn შემცველობა ICP-OES მეთოდით;
მონაწილე ლაბორატორიების მიღებული ფაქტიური მნიშვნელობების სტატისტიკური დამუშავების შედეგები გამოცხადდა 2024 წლის ოქტომბრის თვეში და ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველომ მიიღო უმაღლესი შეფასება, რასაც ადასტურებს მიღებული სერტიფიკატი “Certificate of Excellence”.
აღნიშნული წარმატება და საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მიუთითებს ბიუროში დანერგილი კვლევის მეთოდების შესაბამისობაზე საერთაშორისო სტანდარტებთან და აღნიშნული ტესტის შემსრულებელი ექსპერტის, ამავე სამმართველოს უფროსის თეო ხუჭუას უმაღლეს კვალიფიკაციაზე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველო მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო ლაბორატორიათშორის შედარებებში და ტესტირების შეფასების მიხედვით წამყვან ადგილს ინარჩუნებს.