
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გია თვაურმა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და სტიქიური უბედურებების მსხვერპლთა დნმ-თანხვედრის საფუძველზე ამოცნობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი გახსნა, რომელსაც ორგანიზება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და მისი სასამართლო-სამედიცინო გენეტიკის ცენტრმა გაუწია.
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობენ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და/ან სტიქიური უბედურებების მსხვერპლთა ამოცნობის პროცესში ჩართული პრაქტიკოსი გენეტიკოსები მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, მათ შორის, ევრაზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან.
საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული ტრენინგი დნმ-თანხვედრისა და ფართომასშტაბიანი ამოცნობისას სტატისტიკური ანალიზის გამოყენების შესახებ. აქცენტები გაკეთდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა
- მასიური ამოცნობისა და დნმ ნათესაური კავშირის დადგენასთან დაკავშირებული გამოწვევები;
- ამოცნობის წარმატებული პროგრამების საკვანძო ელემენტები;
- პრაქტიკოსი-სპეციალისტები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას, გამოცდილებას და დაამყარებენ კავშირებს.
წითელ ჯვართან მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობის შედეგად, ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია აფხაზეთში და სამაჩაბლოში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომართა ნეშტების გადმოსვენების, იდებტიფიცირების და ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი, რომლის განხორციელებაშიც ბიურო სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად 2014 წლიდან აქტიურად არის ჩართული.