Image

2024 წლის 23-29 სექტემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა და ბიუროს უფროსის მოადგილემ ვახტანგ კარგარეთელმა თურქეთში,  ქალაქ ანტალიაში, მე-19 საერთაშორისო სასამართლო -სამედიცინო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა.

საერთაშორისო კონგრესი  თურქეთის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ექსპერტები და  საექსპერტო დაწესებულებათა ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს 100-ზე მეტი მოხსენება იმ სიახლეებზე და ინოვაციებზე, რაც მიმდინარე წელს დაინერგა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიმართულებით. სხვადასხვა ქვეყნების საექსპერტო დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა წარადგინეს პრეზენტაციები, მათ ქვეყნებში არსებული საექსპერტო დაწესებულებების სტრუქტურის და ექსპერტიზის სისტემის თაობაზე.

ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, წარდგენილ იქნა პრეზენტაციები სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში მომიჯნავე საექსპერტო, მათ შორის კრიმინალისტიკური, ფსიქიატრიული, ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზების მიმართულებით.

კონგრესის ფარგლებში საექსპერტო დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს თურქეთის იუსტიციის მინისტრთან, სადაც მომავალ ურთიერთანამშრომლობაზე და სამედიცინო -საექსპერტო მიმართულებით  ერთობლივად დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

ბიურო მუდმივად იღებს მონაწილეობას მსგავსი სახის საერთაშორისო კონფერენციებში და კონგრესებში, რაც უმნიშვნელოვანესია საექსპერტო  სფეროს განვითარებისთვის  და წარმატებული  საქმიანობისთვის.