Image

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული კიდევ 23 უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრის ნეშტი დაუბრუნდა ოჯახს.

ამჟამად იდენტიფიცირებულია აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტებში დაღუპული 286 მეომრის ნეშტი.

ბიუროსა და წითელ ჯვარს (ICRC) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში დაღუპული მეომრების დნმ იდენტიფიკაციის მიზნით, მათი ოჯახის წევრებისგან აღებულ იქნა და დაარქივდა 3757 ბიოლოგიური ნიმუში, საიდანაც გენოტიპირებულია 2704 ნიმუში.

აფხაზეთში და სამაჩაბლოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების პროცესი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2014 წლიდან ხორციელდება და მის სრულ დასრულებამდე გაგრძელდება.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და პატივს მიაგებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნას.