Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად დაღუპული კიდევ 13 მეომრის იდენტიფიცირებული ნეშტის ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი გაიმართა.

შეხვედრას ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აფხაზეთში და სამაჩაბლოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების პროცესი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით თითქმის 10 წელია ხორციელდება და მის სრულ დასრულებამდე გაგრძელდება.

ამ წლების მანძილზე, ბიუროსა და წითელ ჯვარს (ICRC) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში დაღუპული მეომრების დნმ იდენტიფიკაციის მიზნით, მათი ოჯახის წევრებისგან აღებულ იქნა და დაარქივდა 3747 ბიოლოგიური ნიმუში, საიდანაც გენოტიპირებულია 2662 ნიმუში.

ამჟამად იდენტიფიცირებულია აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტებში დაღუპული 243 მეომრის ნეშტი.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და პატივს მიაგებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნას.