Image

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად დაღუპული კიდევ 20 მეომრის იდენტიფიცირებული ნეშტის ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი გაიმართა.

შეხვედრას ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აფხაზეთში და სამაჩაბლოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების პროცესი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2014 წლიდან ხორციელდება და მის სრულ დასრულებამდე გაგრძელდება.

ამ წლების მანძილზე, ბიუროსა და წითელ ჯვარს (ICRC) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში დაღუპული მეომრების დნმ იდენტიფიკაციის მიზნით, მათი ოჯახის წევრებისგან აღებულ იქნა და დაარქივდა 3757 ბიოლოგიური ნიმუში, საიდანაც გენოტიპირებულია 2704 ნიმუში.

ამჟამად იდენტიფიცირებულია აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტებში დაღუპული 263 მეომრის ნეშტი.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და პატივს მიაგებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნას.