Image2023 წლის ივნისის თვეში, ინტერპოლის, EURA DNA, ThermoFisher და GTH DNA ორგანიზებით, შერატონ გრანდ თბილისში, სასამართლო ექსპერტიზის დნმ მონაცემთა ბაზის პოლიტიკის რეგიონული სიმპოზიუმი და ტრენინგი გაიმართა. 
სიმპოზიუმი გახსნა ბიუროს უფროსის მოადგილემ გიორგი მურვანიძემ, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ბიუროს საქმიანობის როლს რეგიონში და ექსპერტიზის, როგორც ერთ-ერთი საკვანძო რგოლის მნიშვნელობას გამოძიების პროცესში და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. მან, ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას საექსპერტო სფერო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები, უწყებებს შორის გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარება, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას. 
სიმპოზიუმზე, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მოხსენებით „დნმ პროფილირების გამოცდილება საქართველოში“ წარსდგა ბიუროს, ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო ყოჩიაშვილი.
რეგიონალურ ღონისძიებას, ქართველ ექსპერტებთან ერთად, ესწრებოდნენ ექსპერტები ევროპის წამყვანი დნმ ლაბორატორიებიდან, ყაზახეთიდან და სომხეთიდან. 
ასევე, სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა ორდღიანი ტრენინგი, სადაც მსმენელებს ლექციები წაუკითხეს მოლეკულური გენეტიკის დარგში, მსოფლიოს ერთ- ერთმა გამოჩენილმა ექსპერტმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიუს ბუდაუელმა და ასევე წამყვანმა დნმ ექსპერტმა ისრაელიდან ნურით ბაბლილმა. 
ტრენინგში, სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ოთხმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაც კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.