2023 წლის 24 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სასამართლო ექიმთა VII სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის და საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის მიერ. კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს ექიმთა ასოციაციის წარმომადგენლები.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბიუროს უფროსის მოადგილემ ვახტანგ კარგარეთელმა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, მოხსენებები წარადგინეს ბიუროს სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტების ექსპერტებმა.
კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა სასამართლო ექიმმა და ექსპერტმა, განიხილეს სასამართლო მედიცინის, სასამართლო სამედიცინო ანთროპოლოგიის, სასამართლო ჰისტოლოგიის, სასამართლო ტოქსიკოლოგიისა და სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის აქტუალური საკითხები.
დასასრულს მონაწილე ექსპერტებს გადაეცათ სერტიფიკატები.