Image2023 წლის 10 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე მერაბ მურღულია, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი მირიან სამხარაძე და ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსი პაპუნა აბულაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მიწვევით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ვაშინგტონში იმყოფებოდნენ. 
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ბიუროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ვირჯინიის სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტის სამეცნიერო ლაბორატორია , სადაც ამერიკელმა კოლეგებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, ბიოლოგიური, ტოქსიკოლოგიური და კონტროლირებადი ნივთიერებების კვლევის ლაბორატორიების საქმიანობის შესახებ. 
სამუშაო სპეციფიკის გაცნობის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, დელეგაციის წევრები ასევე ესტუმრნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL), მონტგომერის პოლიციის დეპარტამენტს, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ციფრული მტკიცებულებების ტესტირებისა და კვლევების ლაბორატორიას, სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტს (NIST), დაქტილოსკოპიის, პიროვნების ამოცნობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის განყოფილებას და აშშ-ს სასამართლო ექსპერტიზის, სამართალდამცავი ორგანოების და აშშ-ს სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტს. 
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მუდმივად მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL)მიერ ორგანიზებულ სასწავლო თუ სამეცნიერო ვიზიტებში და მიღებულ გამოცდილებას ბიუროს ყოველდღიურ საქმიანობაში ნერგავენ.