2022 წლის ნოემბრის თვეში ბიუროს ქიმიურ - ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველომ საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა. ტესტირებას ორგანიზებას უწევდა ნიდერლანდების ლაბორატორიათშორის კვლევათა ინსტიტუტი (IIS) რომელიც, უკვე მრავალი წელია, მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტი ქვეყნის საექსპერტო ლაბორატორიებისთვის ახორციელებს სხვადასხვა სახის ლაბორატორიათშორის კვლევებს მათ შორის: საკვალიფიკაციო ტესტირებას, ჯვარედინ შემოწმებას, ერთობლივ კონტროლს და სხვა.
ინსტიტუტის (IIS) მიერ ამჯერად ბიუროს ნავთობპროდუქტების ლაბორატორიისთვის მოწოდებულ იქნა უცნობი ნიმუში, რომელშიც ლაბორატორიას უნდა განესაზღვრა შემდეგი თვრამეტი ფიზიკო-ქიმიური პარამეტრი: მჟავური რიცხვი პოტენციომეტრულად, კოროზიული აქტივობა სპილენძის ფირფიტაზე, სიმკვრივე 150C-ზე, ფეთქების ტემპერატურა, აქაფებისადმი მიდრეკილება და სტაბილობა (მიმდევრობა I, II, III), კინემატიკური სიბლანტეები 40 და 1000C-ზე, სიბლანტის ინდექსი, გამყარების ტემპერატურა, წყლის შემცველობა კარლ-ფიშერის მეთოდით, ელემენტების-კალციუმის Ca, ფოსფორის P და თუთიის Zn შემცველობები ICP-OES მეთოდით.
მიღებული ფაქტიური მნიშვნელობების სტატისტიკური დამუშავების შედეგები გამოცხადდა 2023 წლის თებერვლის თვეში და ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველომ მიიღო უმაღლესი შეფასების დამადასტურებელი სერტიფიკატი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიუროს ექსპერტთა მაღალ კვალიფიკაციას და ბიუროში დანერგილი კვლევის მეთოდების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველო მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო ლაბორატორიათშორის შედარებებში და ტესტირების შეფასების მიხედვით წამყვან ადგილს ინარჩუნებს.