Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად დაღუპული კიდევ 11 მეომრის ნეშტის იდენტიფიცირება განხორციელდა. 
ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემის პროცესს ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში, ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქართველ გმირებს 2022 წლის 8 დეკემბერს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ 
აფხაზეთში და სამაჩაბლოში უგზო უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების პროცესი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2013 წლის სექტემბრიდან  დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ წლების მანძილზე, ბიუროსა და წითელ ჯვარს (ICRC) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში დაღუპული მეომრების დნმ იდენტიფიკაციის მიზნით, მათი ოჯახის წევრებისგან აღებულ იქნა და დაარქივდა 3733 ბიოლოგიური ნიმუში, საიდანაც გენოტიპირებულია 2568 ნიმუში. 
ამჟამად იდენტიფიცირებულია აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტებში დაღუპული  230 მეომრის ნეშტი. 
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და პატივს მიაგებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნას.