სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა, საქართველოში წითელი ჯვრის კომიტეტის მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი „უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა და უბედური შემთხვევების მსხვერპლთა დნმ-ით იდენტიფიკაცია“ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ბიუროს უფროსმა ხაზი გაუსვა წითელ ჯვართან მრავალწლიან ურთიერთთანამშრომლობას და ერთობლივად განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა.
ღონისძიებას, ასევე ესწრებიან პრაქტიკოსი გენეტიკოსები, მსოფლიოს 16 ქვეყნიდან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი უგზოუკვლოდ დაკარგული პირების და სტიქიური უბედურებების მსხვერპლთა იდენტიფიცირების პროცესში.
სიმპოზიუმის ძირითადი მიზანია მონაწილეებს გააცნოს დნმ თანხვედრისა და ფართო მასშტაბიანი იდენტიფიცირებისას სტატისტიკური ანალიზის გამოყენების შესახებ ინფორმაცია და გაუზიაროს სასამართლო სამედიცინო გენეტიკის სფეროში არსებული გამოცდილება.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე ჩატარდება ვორკშოფი თემაზე „დნმ-ის დამთხვევა“, რომელსაც წარუძღვებიან უცხოელი პროფესორები: თორი იგილენდი და ლორდეს პრიეტო.