Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მრჩეველს სასამართლო ექსპერტიზის მიმართულებით ჯონ ვანდერკოლკს, INL ვაშინგტონის პროგრამის ოფიცერს ენ ბერგრენს და INL Tbilisi-ის სამართალდაცვით საკითხებში უფროს მრჩეველს ერიკ საივიკს უმასპინძლა. 

შეხვედრის ფარგლებში, ისაუბრეს ბიუროში  მიმდინარე პროექტებზე და (INL)-თან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. 
სტუმრებმა ექსპერტიზის ბიუროს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კრიმინალისტიკური, დნმ, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზების ლაბორატორიები დაათვალიერეს და ექსპერტებისგან კვლევის მიმართულებით მიმდინარე სიახლეებს გაეცნენ. 
INL-ის წარმომადგენლები ასევე ესტუმრნენ ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის და აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებს.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროსთან (INL), რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საექსპერტო საქმიანობის დანერგვაში. კერძოდ, მათი დახმარებით და დაფინანსებით გარემონტდა და აღიჭურვა ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი და პირველი დნმ ლაბორატორია საქართველოში, რომელიც ასევე ბიუროს ბაზაზე დაარსდა. ბიუროს სამედიცინო ექსპერტებს ამავე პროგრამის მხარდაჭერით გავლილი აქვთ ტრენინგები ჯორჯიის საგამოძიებო ბიუროში (GBI). ასევე INL-ის მხარდაჭერით დაინერგა ხარისხის სისტემა საექსპერტო -კვლევითი საქმიანობისთვის, რომლის საფუძველზეც ბიურომ მიიღო საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 მოთხოვნების შესაბამისი აკრედიტაცია.