ცენტრის გახსნას ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლები, ბავშვთა დაცვის პროგრამის (UNICEF) ხელმძღვანელი და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი დაესწრო, რომლებიც უშუალოდ იქნებიან ჩართულნი ცენტრის საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი ფუნქციონირების პროცესში. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ბენეფიციარები სათანადო შეფასებას გადიან და შესაბამისი მკურნალობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. ამავე სივრცეში მიმდინარეობს საგამოძიებო - სარეაბილიტაციო პროცესები, რათა ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა უწყებაში განმეორებით გასაუბრებებს აარიდონ. მინიმუმამდეა დაყვანილი თავად გასაუბრების სიხშირეც, რომლებსაც სპეციალურად ცენტრის მუშაობის სპეციფიკისთვის გადამზადებული პროფესიონალები ატარებენ.