Imageშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. 
უწყებათაშორისი კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის პირველმა მოადგილემ ვახტანგ კარგარეთელმა და სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნინო კიკაბიძემ. 
შეხვედრაზე ისაუბრეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის აქტუალურ საკითხებზე და სამომავლო ხედვებზე. ხაზი გაესვა მოძიების პროცესის ეფექტიანობის ერთობლივად, შემდგომი გაუმჯობესების საჭიროებას, მაქსიმალურად მოხერხდეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების მრავალწლიანი გაურკვევლობის დასრულება. 
განხილულ იქნა პროგრამის სამომავლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სტრატეგიული კვლევის დასკვნები და რეკომენდაციები, ასევე მისი აღსრულების ოპტიმალური გზები, რაც ეხმიანება საზოგადოებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის წარმატებით განხორციელების მოლოდინს, ოჯახების ინტერესსა და საქართველოში მიმდინარე პროგრამის სპეციფიკას. 
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წლებია აქტიურად არის ჩართული აფხაზეთში და სამაჩაბლოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ნეშტების იდენტიფიცირების პროცესში, რომელიც 2013 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.