სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს უმასპინძლა. სტუმრებს შორის ასევე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) უფროსი სარა რუპერტი.ბიუროს უფროსმა მადლობა გადაუხადა ელჩს მრავალწლიანი ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისთვის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიუროსთვის გაწეული მრავალმხრივი დახმარებისთვის. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია შეერთებული შტატების წვლილი სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში. ასევე, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დნმ ლაბორატორიის მოწყობაში. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ბიუროში დაინერგა ხარისხის მართვის სისტემა, საექსპერტო-კვლევითი საქმიანობისთვის, რომლის საფუძველზეც ბიურომ საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 -ის მოთხოვნის შესაბამისი აკრედიტაცია მიიღო.
შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ისაუბრეს აშშ-ს დახმარებით, ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების თაობაზე, რის შედეგადაც სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი გახდება მსოფლიოს მასშტაბით, სამედიცინო სფეროში წამყვანი ორგანიზაციის - აშშ-ს სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა ეროვნული ასოციაციის (National Association of Medical Examiners –NAME) წევრი.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა დაათვალიერა ბიუროს საერთაშორისო სტანდარტით აღჭურვილი და აკრედიტებული კრიმინალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიები. გაეცნო ექსპერტების საქმინობას და დანერგილ სიახლეებს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობასთან საქართველოში და ექსპერტიზის დარგში ერთობლივად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს შესთავაზებს საზოგადოებას.