სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსს ნინო ყოჩიაშვილს სამართალდამცავი ორგანოების და იუსტიციის სექტორის მაღალი რანგის ქალ წარმომადგენლებთან ერთად, ქალთა საერთაშორისო დღის და საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ქალთა მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა უმასპინძლა.ამერიკის ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ქალთა გაძლიერებას, ვინაიდან გამოცდილებით ქვეყნები ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პროგრესს მხოლოდ მაშინ აღწევენ, როდესაც ქალები სრულად არიან საზოგადოების ყველა ასპექტში ჩართული. ქალების გაზრდილი მონაწილეობა და ჩართულობა ეხმარება საქართველოს უფრო სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოების შექმნაში.