Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მიმდინარე წელს სასაქონლო ექსპერტიზის მიმართულებით, შეფასების დარგში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის „შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ (IVSC) წევრი გახდა. ექსპერტიზის ბიუროს  გარდა საბჭო მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს  137 ქვეყნის 170 -ზე მეტ წევრს. მათ შორის ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს როგორიცაა Earnst and Young, Bloomberg, Deloitte, და სხვა.
„შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ (IVSC) მიზანია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება და დადგენა;  ბაზრის მონაწილეთა ინტერესების დაცვა შემფასებლის პროფესიის განვითარების გზით. საბჭო, ასევე მოწოდებულია საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ შექმნას მაღალი ხარისხის, გასაგები, პრაქტიკულად განხორციელებადი და საერთაშორისო დონის საშემფასებლო სტანდარტები.
მრავალი წლის განმავლობაში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სხვა სახის ექსპერტიზებთან ერთად, მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, წარმატებით  ატარებს სასაქონლო ექსპერტიზებს შეფასების მიმართულებით. ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება, როგორიც არის „შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო“ (IVSC), კიდევ უფრო განამტკიცებს ჩატარებული ექსპერტიზების მაღალ სტანდარტს და  მომხმარებლის მხრიდან სანდოობას.