2021 წლის 28-29 სექტემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ყოჩიაშვილმა და ხარისხის კონტროლის და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა ბელა გაბიტაშვილმა ევროპის სასამართლო საექსპერტო დაწესებულებათა ქსელის (ENFSI) დნმ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (DNA EWG) ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს.კონფერენციის ფარგლებში, დნმ-ის ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის ქვეჯგუფის შეხვედრაზე, ნინო ყოჩიაშვილმა წარადგინა რისკების შეფასების მოხსენება - „Risk estimation according to ISO 17025”, სადაც ევროპელ კოლეგებს დნმ-ის ხარისხის, რისკების შეფასებისა და მართვის მიმართულებით შექმნილი დოკუმენტი და გამოცდილება გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ რისკების შეფასება, მართვა და მონიტორინგი წარმოადგენს ახალი ტიპის მოთხოვნებს, რასაც ბიუროს აკრედიტირებულმა ლაბორატორიებმა წარმატებით უპასუხეს.
ონლაინ კონფერენციას ორგანიზება გაუწია ნიდერლანდების სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტმა.
ბიურო საერთაშორისო კონფერენციებსა და პროფესიულ შეხვედრებში ყოველწლიურად მონაწილეობს. ბოლო 2 წლის განმავლობაში მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად შეხვედრები ძირითადად ონლაინ რეჟიმში იმართება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ფეხს უწყობს ევროპელი კოლეგების სამეცნიერო და პრაქტიკულ მიღწევებს.