Image
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს  მიერ, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული კიდევ 5 მეომრის ნეშტის იდენტიფიცირება განხორციელდა. ბიუროს უფროსის მოადგილე პავლე გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის წარმომადგენლები აფხაზეთში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდნენ. 
ქართველ მეომრებს  2021 წლის 14 აგვისტოს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 
გმირების ნეშტების  იდენტიფიცირების პროცესი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2013 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ წლების განმავლობაში წითელ ჯვარსა (ICRC) და ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, აფხაზეთის ომისა და ცხინვალის საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დნმ- იდენტიფიკაციის მიზნით, მათი ოჯახის წევრებისგან აღებულ იქნა და დაარქივდა 3780  ბიოლოგიური ნიმუში, საიდანაც გენოტიპირებულია  3389 ნიმუში, შემდგომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირების მიზნით. თითქმის 7 წელია, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ურთიერთთანამშრომლობით,  აქტიურად არის ჩართული აფხაზეთში და სამაჩაბლოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ნეშტების იდენტიფიცირების პროცესში. 
2013 წლიდან დღემდე იდენტიფიცირებულია  აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტებში  დაღუპული 200-ზე მეტი მეომრის ნეშტი. 
აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების იდენტიფიცირების პროცესი კვლავ გრძელდება და ბიურო მის დასრულებამდე აქტიურად იქნება ჩართული. 
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მეომართა ხსოვნას.