Imageსასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო ყოველწლიურად  მონაწილეობს სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებების ევროპული ქსელის (ENFSI) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტესტირებაში და მუდმივად ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.
2020 წელს ყოველწლიური პროფესიული ტესტირების ჩასატარებლად, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებების ევროპული ქსელის(ENFSI) ნარკოტიკების სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა 4 საანალიზო ნიმუში; აღნიშნულ ტესტირებაში ევროპული ქვეყნების 65-მა ლაბორატორიამ მიიღო მონაწილეობა, ხოლო რაოდენობრივი განსაზღვრის შედეგები გადაიგზავნა 54 ლაბორატორიიდან.
(ENFSI)პროფესიული ტესტირება გულისხმობს უცნობი შემადგენლობის ფხვნილებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების  თვისებრივი და რაოდენობრივი შემცველობის განსაზღვრას. ანალიზის შედეგებთან ერთად, მონაწილე ლაბორატორიებს ასევე მოეთხოვებათ აქტიური კომპონენტების ანიონური შემადგენლობის განსაზღვრა, ანალიზის მეთოდის განუზღვრელობის შეფასება და მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება. 
2020 წლის ტესტირებაში ჩართული იყო ნარკოტიკული საშუალებები - მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი მცენარეული ფხვნილი და ფსიქოაქტიური ნივთიერება - GHB (γ-ჰიდროქსიბუტირატი). ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური სამმართველოს მიერ სწორად იქნა შეფასებული ამ ნივთიერებების თვისებრიობა, ხოლო სამი მათგანის - მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი მცენარეული ფხვნილი - შემთხვევაში - მათი თვისებრიობა და რაოდენობრივი შემცველობაც. 
როგორც პროფესიული ტესტირების სტატისტიკური შეფასების კრიტერიუმის - Z-score  < 2 - მიხედვით ირკვევა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველომ ამჯერადაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა ტესტირებაში და მისი მონაწილეობა პირველი კატეგორიის შედეგით -Z-score  0.5; 1.1 და 1.5 - სამი ნიმუშისათვის შესაბამისად - აღინიშნა სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებების ევროპული ქსელის (ENFSI) ნარკოტიკების სამუშაო ჯგუფის მიერ.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო 2010 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო ტესტირებებში (ENFSI, UNODC, EDQM-STRASBOURG) და მუდმივად წამყვან პოზიციებს იკავებს. წლევანდელი მონაცემებითაც, ევროპის მასშტაბით  ჩატარებული ტესტირების შედეგებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წამყვანი ლაბორატორიების გვერდითაა, რაც ბიუროს ექსპერტთა მაღალი კვალიფიკაციის, ბიუროში აპრობირებული მეთოდებისა და გამოყენებული ხელსაწყო-აპარატურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მაჩვენებელია.