სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო სამკურნალო საშუალებების ხარისხისა და ჯანდაცვის ევროპული დირექტორიატის (European Directorate for The Quality of Medicines & HealthCare (EDQM), STRASBOURG) ) მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში. 2019 წლის დეკემბერში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტრასბურგიდან, სტანდარტიზაციის დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა საანალიზო ნიმუში - „NALIDIXIC ACID TABLETS“, შესაბამის სტანდარტულ ნიმუშთან და ფარმაკოპეულ მეთოდთან ერთად - პროფესიული ტესტირების ჩასატარებლად. ტესტირების მიზანი კი იყო აღნიშნულ ტაბლეტებში ფარმაკოლოგიურად აქტიური კომპონენტის - ნალიდიქსის მჟავას - რაოდენობრივი შეფასება, თხევად-ქრომატოგრაფიული/დიოდური დეტექტირების მეთოდით და მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება. აღნიშნულ ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად ნიმუშები გაეგზავნა ევროპის 132 ლაბორატორიას, რომელთაგან 117 ლაბორატორიიდან იქნა მიღებული შედეგები.
სტრასბურგიდან გადმოგზავნილია ვრცელი რეპორტი, რომელშიც ლაბორატორიებიდან მიღებული შედეგებისა და ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურადაა შეფასებული არა მხოლოდ უშუალოდ შედეგი, არამედ ის სტანდარტული პროცედურებიც, რომლებიც იქნა გამოყენებული აღნიშნული ტესტირების ჩატარებისას.
როგორც პროფესიული ტესტირების სტატისტიკური შეფასების ძირითადი კრიტერიუმის - Z-score - მიხედვით ირკვევა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველომ ამჯერადაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა ტესტირებაში და მისი მონაწილეობა საუკეთესო შედეგით - Z-score=0.2 - აღინიშნა სამკურნალო საშუალებების ხარისხისა და ჯანდაცვის ევროპული დირექტორიატის (EDQM, STRASBOURG) მიერ.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო 2010 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო ტესტირებებში (ENFSI, UNODC) და მუდმივად წამყვან პოზიციებს იკავებს. წლევანდელი მონაცემებითაც, ევროპის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგებით, ანალიზის შედეგების სტატისტიკური შეფასების მიხედვით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წამყვანი ლაბორატორიების გვერდითაა, რაც ბიუროს ექსპერტთა მაღალი კვალიფიკაციის, ბიუროში აპრობირებული მეთოდებისა და გამოყენებული ხელსაწყო-აპარატურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მაჩვენებელია.