Imageსსიპ.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. 
საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე „უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ამოცნობისათვის ძალისხმევის გაძლიერება და მათი ოჯახების საჭიროებები“, ქართველი ექსპერტების გარდა,  მონაწილეობენ ექსპერტ-ანთროპოლოგები ამერიკიდან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, რომლებსაც გააჩნიათ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების რთულად ამოსაცნობ ნეშტებთან მუშაობის გამოცდილება. 
კონფერენციის მთავარი მიზანია ამჟამად არსებული გამოცდილების, სტრატეგიებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება ამ მიმართულებით სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. 
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRS) და ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, აფხაზეთის ომისა და ცხინვალის საომარი მოქმედებების დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დნმ- იდენტიფიკაციის მიზნით, მათი ოჯახის წევრებისგან წლების განმავლობაში აღებულ იქნა და დაარქივდა 3733  ბიოლოგიური ნიმუში. მათგან გენოტიპირებულია  3311 ნიმუში, დაღუპული მეომრების შემდგომი  იდენტიფიცირებისთვის.  
გარდა ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებისა, უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა იდენტიფიცირების პროცესში აქტიურად არის ჩართული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი. ექსპერტები  მონაწილეობენ როგორც ნეშტების ექსჰუმაციის პროცესში, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში.
2014 წლიდან დღემდე,  სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის  საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობით, აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტში უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახებს 178 ამოცნობილი  პირის ნეშტი გადაეცათ.