სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ბიუროში სამუშაო ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სასამართლო ექსპერტიზის ხელმძღვანელს მუსახოჯაევ აკილბეკ აბდილდაევიჩს, ამავე ბიუროს სხვადასხვა მიმართულებების ხელმძღვანელ პირებს და ექსპერტებს შეხვდა.შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) -ს და ყირგიზეთში გაეროს ნაციონალური პროგრამის კოორდინატორი, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ყირგიზეთის ექსპერტიზის ბიუროსთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესში.
განიხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები, რომლის ფარგლებშიც ყირგიზ კოლეგებს ბიუროს ექსპერტები საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების მიზნით გაუწევენ კონსულტაციებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაციას ექნება შესაძლებლობა დაათვალიეროს ბიუროს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, დეტალურად შეისწავლოს ქიმიურ-ნარკოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის საქმიანობის სპეციფიკა, გაეცნოს აქ დანერგილ სიახლეებს და ინოვაციებს და ქართველი კოლეგებისგან გაიზიაროს საექსპერტო საქმიანობაში მრავალი წლის მანძილზე შეძენილი გამოცდილება.
სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო რეგიონის მასშტაბით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, რომელიც ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრია
ბიუროში საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17025 -ის მიხედვით 500-ზე მეტი სახეობის საექსპერტო კვლევა ტარდება. დანერგილი ხარისხის სისტემა, არის გარანტი ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის.