Imageსსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში, ქალბატონ  სევერინ შაპაზს და კოორდინატორს ექსპერტიზის დარგში ქ-ნ მარია მიკელიდეს უმასპინძლა. 
შეხვედრაზე ისაუბრეს ბიუროსა და წითელ ჯვარს შორის მრავალწლიანი აქტიური თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ამ ორი უწყების ერთობლივი საქმიანობა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების პროცესის ფარგლებში.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRS) და ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, აფხაზეთის ომისა და ცხინვალის საომარი მოქმედებების დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დნმ- იდენტიფიკაციის მიზნით, მათი ოჯახის წევრებისგან წლების განმავლობაში აღებულ იქნა და დაარქივდა 3733  ბიოლოგიური ნიმუში. მათგან გენოტიპირებულია  3311 ნიმუში, დაღუპული მეომრების შემდგომი  იდენტიფიცირებისთვის.  
გარდა ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებისა, უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა იდენტიფიცირების პროცესში აქტიურად არის ჩართული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი. ექსპერტები  მონაწილეობენ როგორც ნეშტების ექსჰუმაციის პროცესში, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში.
2014 წლიდან დღემდე,  სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის  საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობით, აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტში უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახებს 178 ამოცნობილი  პირის ნეშტი გადაეცათ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრის ფარგლებში გამოთქვეს მზადყოფნა, ბიუროს სამედიცინო და დნმ ექსპერტებისთვის, პროფესიული ტრენინგების  ორგანიზებაში.