Image
​სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს  მიერ, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული კიდევ 12 მეომრის ნეშტის იდენტიფიცირება განხორციელდა.
ქართველ მეომრებს  2019 წლის 16 მარტს, სამხედრო პატივით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გმირების ნეშტების  იდენტიფიცირების პროცესი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2013 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ამ წლების განმავლობაში წითელ ჯვარსა (ICRC) და ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, აფხაზეთის ომისა და ცხინვალის საომარი მოქმედებების დროს უგზოუკვლოდ დაკარგულთა დნმ- იდენტიფიკაციის მიზნით, მათი ოჯახის წევრებისგან აღებულ იქნა და დაარქივდა 3733  ბიოლოგიური ნიმუში, საიდანაც გენოტიპირებულია  3311 ნიმუში, შემდგომში უგზო უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირების მიზნით.
2013 წლიდან დღემდე,  სამხარაულის ექსპერტიზის ეროვბული ბიუროს , შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის  საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, იდენტიფიცირებულია  აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტებში  დაღუპული 178 მეომრის ნეშტი.
აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების იდენტიფიცირების პროცესი კვლავ გრძელდება და ბიურო მის დასრულებამდე აქტიურად იქნება ჩართული.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობოსთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მეომართა ხსოვნას.