Image2018 წლის 29, 30 ოქტომბერს, ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის დნმ ლაბორატორიაში, დნმ-ის კვლევის სფეროში არსებული თეორიული და პრაქტიკული სიახლეების შესახებ სადემონსტრაციო ტრეინინგი და პრეზენტაციები გაიმართა. 
ექსპერტებისთვის ტრეინინგი და პრეზენტაციები ადამიანის დნმ-ის იდენტიფიკაციის და სასამართლო საექსპერტო კვლევის დარგში, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, QIAGEN-ის ოფიციალური წარმომადგენლებმა, მირელა პერუჩომ და პოლ რედჰედმა გამართეს.
პრაქტიკული და სადემონსტრაციო კურსის მსვლელობისას, კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მათ მიერ შემუშავებული და მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში აპრობირებული უახლესი ნაკრებები, რომლებიც ინჰიბირებული და დეგრადირებული მასალიდან მიღებული დნმ-ის, რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების მაქსიმალურად ეფექტური ანალიზის განხორციელების საშუალებას იძლევა. ასევე განიხილეს, კომპანიის მიერ ბოლო დროს დანერგილი, ადამიანის ბიოლოგიური მასალის გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილი, გაუმჯობესებული ნაკრებები და კვლევის ცალკეული ეტაპების ანალიზისთვის შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები.  
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განაგრძობს სიახლეების დანერგვას საექსპერტო საქმიანობაში. კომპანია QIAGEN-ის მიერ შემოთავაზებული სადემონსტრაციო კურსი, შესაძლებლობას იძლევა, მომხმარებელს მუდმივად უახლესი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დნმ საექსპერტო კვლევა შევთავაზოთ.