Imageსასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებების ევროპული ქსელის (ENFSI) და გაერთიანებული ერების დანაშაულისა და ნარკოტიკების ორგანიზაციის (UNODC) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტესტირებაში და მუდმივად ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს .
2017 წლის იანვრის თვეში ყოველწლიური პროფესიული ტესტირების ჩასატარებლად გაერთიანებული ერების დანაშაულისა და ნარკოტიკების ორგანიზაციიდან მსოფლიოს  44 ქვეყნის 89 ლაბორატორიაში გაიგზავნა ნიმუშები. აღნიშნული ტესტირების მიზანი იყო საერთაშორისო მასშტაბით ლაბორატორიების სანდოობის შეფასება.
UNODC-ის პროფესიული ტესტირება გულისხმობს უცნობი შემადგენლობის ლიოფილიზებულ ბიო-ნიმუშებში ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების თვისებრივი და რაოდენობრივი შემცველობის განსაზღვრას. ტესტირებისთვის, როგორც წესი, შეირჩევა რთული ნარევები, რომელთა რაოდენობრივი შეფასება დაკავშირებულია ნარევის კომპონენტთა რთულ ქრომატოგრაფიულ კვლევებთან. ამასთან, ხდება ბიო-ნიმუშში ბუნებრივად არსებული ან გარედან დამატებული ნებისმიერი ნივთიერების შემცველობის განსაზღვრა. საკვლევად წარმოდგენილი 4 ბიო-ნიმუში შეიცავდა 3  ნარკოტიკულ საშუალებას და 1 ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას.
როგორც UNODC-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ვრცელი რეპორტიდან (ICE 2016 2round  summary  report Biological Specimens) ირკვევა, ბიო-ნიმუშების  შემადგენლობაში შემავალი სამი ნარკოტიკული ნივთიერებისათვის მიღებული რიცხვითი მონაცემები, კერძოდ: 1. მორფინი - 1145 ნგ/მლ; 2. მორფინი - 1137 ნგ/მლ და 3. მდმა - 1850 ნგ/მლ შეესაბამება Z-score  - ის (სტატისტიკური შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი)  0.0;  0.0;  0.4 სიდიდეს (Z-score < ± 1 საუკეთესო შედეგია ამგვარ ტესტირებებში). 
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო 2010 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო ტესტირებებში და მუდმივად წამყვან პოზიციებს ინაწილებს მსოფლიოს აღიარებულ ლაბორატორიებთან ერთად.