Imageმიმდინარე წლის 27 ივნისს, ტელეკომპანია იბერიის ეთერში გავიდა სიუჟეტი,  სამტრედიის რაიონ სოფელ მელაურში მდებარე ე.წ. „ტაბელმანების“-ს ტყეში აღმოჩენილ გვამთან დაკავშირებით.
აღნიშნულ სიუჟეტში ნახსენები იყო სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელშიც მოხდა აღნიშნული გვამის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. 
სიუჟეტში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელშიც ექსპერტიზის ბიურო არის ნახსენები, როგორც აღნიშნული გვამის იდენტიფიცირების დამდგენი ორგანო ვაცხადებთ შემდეგს:
2015 წლის 30 იანვარს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ რეგიონალურ დეპარტამენტში შემოვიდა შსს-ს სამტრედიის რაიონული გამყოფილების დადგენილება, რომლითაც ითხოვდნენ ვიაჩესლავ ბრიუშკოვის სახელით და გვარით შემოყვანილი გვამის სამედიცინო ექსპერტიზას.  
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ექსპერტიზის მიმართ საგამოძიებო ორგანოს მიერ გვამის იდენტიფიცირებაზე კითხვა არ დასმულა.
გვამის გაკვეთა დასრულდა შემოსვლის დღესვე და გაიცა შსს-ს შესაბამის წარმომადგენელზე მათ მიერ წარმოდგენილი სახელით და გვარით.
მოგვიანებით, რამდენიმე დღის შემდგომ, უკვე აღებული მასალის კვლევის პროცეში საგამოძიებო ორგანომ მოგვმართა აღნიშნული გვამის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, უკვე როგორც უცნობ გვამზე.
სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზის დასკვნა გასცა უცნობ გვამზე 2015 წლის 14 აპრილს. 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საგამოძიებო ორგანოს მიერ წარმოდგენილ გვამზე იდენტიფიკაციის მიზნით დნმ ექსპერტიზა არ ჩატარებულა. 
პროცედურის განმარტების მიზნით ვაცხადებთ, რომ  გვამის ექსპრტიზის ბიუროში წარმოდგენის დროს, საგამოძიებო ორგანოები დადგენილებაში მიუთითებენ გვამის სახელს და გვარს, ან წარმოადგენენ, როგორც უცნობ გვამს. გამოძიება ექსპერტიზის წინაშე სვამს კონკრეტულ კითხვებს, რომლებზეც ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი. ექსპერტი არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს დასმული კითხვების ინტერპრეტაცია. დნმ ექსპერტიზა (მათ შორის პირის იდენტიფიკაციისთვის) ტარდება მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში და მათ მიერ შესადარებელი პირების (ნიმუშების) წარმოდგენის შემდგომ.