2016 წლის 19-20 დეკემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო
კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სასამართლო გენეტიკის
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, ხორვატიელ და არგენტინელ კოლეგებთან
ერთად. ორდღიანი სამუშაო შეხვედრა დასრულდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში ვიზიტით. უცხოელმა კოლეგებმა ერთსულოვნად აღნიშნეს, რომ მათი ქართველი კოლეგები ღირსულად ემსახურებიან საექსპერტო საქმიანობას და თანამედროვე მეთოდებით ფეხს უწყობენ წამყვან ლაბორატორიებს მსოფლიოს მასშტაბით.მრგვალი მაგიდის ირგვლივ, ქართულმა და უცხოურმა მხარემ,
საქართველოში საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პროექტის წარსულზე,
აწმყოსა და მომავალ ხუთწლიან გეგმებსა და სტრატეგიაზე ისაუბრა. შეხვედრაზე დეტალურად
იქნა განხილული გენეტიკური და ანთროპოლოგიური საექსპერტო კვლევის ტექნიკური დეტალები, ნიმუშის
აღების მომენტიდან, მისი გენოტიპირებისა და არქივში შენახვის და პერსონალურ მონაცემთა
დაცვის პროცედურის გათვალისწინებით. საქართველოს, ხორვატიისა და არგენტინის ექსპერტებმა
ერთმანეთს გაუზიარეს ძვლებიდან დნმ-ის მიღების პროტოკოლები, დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო
პუბლიკაციების მომზადება. ზაგრების უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინისა და კრიმინოლოგიის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა და არგენტინის სასამართლო ანთროპოლოგიის გუნდმა გამოთქვა
მზაობა, მიიღონ ქართველი კოლეგები ლაბორატორიებში, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების
მიზნით.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უკვე მრავალი წელია აქტიურად
თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, ზაგრების უნივერსიტეტთან და არგენტინის
სასამართლო ანთროპოლოგიის ჯგუფთან. აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა საძმო სასაფლაოების
ექსჰუმაცია ხორციელდებოდა სწორედ უცხოელ ანთროპოლოგთა და სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის
ექიმი-ექსპერტების მიერ.