სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული კიდევ 17 მეომრის ნეშთის იდენტიფიცირება განხორციელდა, რომელთა დაკრძალვის ცერემონიალი 15 სექტემბერს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე გაიმართება.
ქართველი გმირების იდენტიფიცირების პროცესი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2013 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დნმ ექსპერტებმა, უგზოუკვლოდ დაკარგულების ოჯახების 2000-მდე წევრს, გენეტიკური იდენტიფიკაციის მიზნით, აუღეს ბიოლოგიური ნიმუშები. აქედან, დნმ ანალიზი უკვე ჩაუტარდა 600 პირს. აღსანიშნავია, რომ 230 გენეტიკური პროფილი მომზადდა ექსპერტიზის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით. წლის ბოლომდე, კიდევ 200 დნმ ნიმუშის მომზადება იგეგმება.
გენეტიკური პროფილები გადაგზავნილ იქნა ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში, სადაც შედარება მოხდა ეგზგუმირებული ნეშთების გენეტიკურ პროფილებთან.
ამჟამად, პროექტის დაწყებიდან დღემდე იდენტიფიცირებულია სულ 60 მეომრის ნეშთი.
აღნიშნულ პროცესში ექსპერტიზის ბიურო პირველივე დღიდან მონაწილეობს და მის დასრულებამდე აქტიურად იქნება ჩართული.