2016 წლის 14 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უმასპინძლებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრ ადვოკატებს.
ადვოკატებისთვის ჩატარდება სპეციალური კურსი, რომელსაც ბიურო ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა (ABA ROLI) და საქართველოს წარმომადგენლობა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) - თან ერთად უკვე მეორედ ახორციელებს.
აღნიშნული ღონისძიება, 14 მარტს გახსნეს ბიუროს უფროსმა გიორგი თვაურმა, აშშ ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა, ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა სამხარეო დირექტორის მოადგილე მამუკა მამაცაშვილმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ირაკლი ყანდაშვილმა.
კურსის ფარგლებში ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ, არამარტო დაეუფლონ თეორიულ მასალას ექსპერტიზის შესახებ, არამედ თავად დაათვალიერონ ბიუროს ლაბორატორიები და პრაქტიკულად ნახონ თუ როგორ ტარდება სხვადასხვა ექსპერტიზა. მოცემულ ტრენინგს/სასწავლო ტურს უხელმძღვანელებენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დარგის ექსპერტები.
ტრენინგზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სამედიცინო ექსპერტიზა, კრიმინალისტიკური ექსპერტიზა, სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზა, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზა, ბიოლოგიური ექსპერტიზა, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზა.
ტრენინგი ხუთი დღის განმავლობაში 75 ადვოკატს ჩაუტარდება.
აღნიშნული პროექტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ABA ROLI -ის მიერ განხორციელებულ სხვა პროექტებს შორის სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერის კუთხით.