Image2016 წლის 15 თებერვალს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მოწვეულ სტუმრებს ბიუროში დანერგილი სიახლეები გააცნო.  

ღონისძიებაზე ქიმიურ-ნარკოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტებმა  წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქციის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევების შესახებ (სხვადასხვა სახის წამალთფორმების- მყარი ტაბლეტები, კაფსულები, ფხვნილები; რბილი - მალამოები, გელები; სითხოვანი- საინექციო ხსნარები, სუსპენზიები, სიროფები და ა.შ) და გენეტიკური დაავადებების მიმართულებით წარმოებული ექსპერტიზების თაობაზე (თრომბოფილია, მემკვიდრული მამაკაცის უშვილობა, მემკვიდრული ძუძუს კიბო და სხვა კვლევები).

სასტუმრო რედისონში შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მასშტაბით სხვადასხვა წამყვანი კლინიკების და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 500-მდე სახეობის ექსპერტიზას ატარებს. მათგან ყოველწლიურად რამდენიმე ათეული სახეობის ექსპერტიზა ტარდება ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის და ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტებში.

აღნიშნული დეპარტამენტები, ისევე, როგორც მთლიანად ბიურო აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 შესაბამისად. ბიურო ასევე გახლავთ საექსპერტო დარგში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის ENFSI -ის (სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელი) სრულუფლებიანი წევრი.