2015 წლის ნოემბრის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველომ საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგები მიიღო. აღნიშნული ტესტირება საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და შვედეთის სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ჩატარდა.
ბიუროს კვების ლაბორატორიის ექსპერტებმა ანალიზი სურსათის სამ სხვადასხვა ნიმუშს ჩაუტარეს. სატესტო მასალად
გამოყენებული იქნა
ფლაკონები, რომელიც
შეიცავდა ლიოფილიზებულ მიკრობულ ნარევს. აღნიშნული ტესტირების ფარგლებში ექსპერტებმა ცხრა სხვადასხვა მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი გამოიკვლიეს და დააფიქსირეს ბაქტერიების რაოდენობა ნიმუშებში.
ლაბორატორიათშორის ტესტირებაში საქართველოს 27 ლაბორატორია მონაწილეობდა. შედეგები შეუდარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილე 200-ზე მეტი ლაბორატორიის მიერ მიღებულ მონაცემებს,
მოხდა მათი სტატისტიკური დამუშავება და წარმოდგენილი იქნა საბოლოო ანგარიში.
აღნიშნულ ტესტირებაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მონაწილეობა
უკვე მეოთხედ მიიღო. როგორც წინა ტესტირებების შემთხვევაში, ამჟამადაც კვების სამმართველომ
დაადასტურა მის მიერ მიღებული შედეგების მაღალი სიზუსტე და უტყუარობა და კიდევ ერთხელ
დაამტკიცა, რომ მას ღირსეული ადგილი უკავია ევროპის წამყვან ლაბორატორიებს შორის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველო ISO 17025-ის მიხედვით აკრედიტირებული ლაბორატორიაა, რომლის საქმიანობა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებზეა დამყარებული.