2015 წლის აპრილის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ISO 17025-ის მიხედვით აკრედიტირებულმა კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო საკვალიფიკაციო ტესტირებაში.ბიუროს კვების სამმართველოს ექსპერტებმა საკვები პროდუქტების სამ სხვადასხვა ნიმუშს ჩაუტარეს ანალიზი მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე.
ტესტირება გულისხმობდა უცნობი შემადგენლობის ლიოფილიზებულ ნიმუშებში მიკროორგანიზმების აღმოჩენას და მათ რაოდენობრივ ანალიზს.
აღნიშნული კვლევის საფუძველზე საკვლევ ნიმუშებში ექსპერტებმა წარმატებით გამოავლინეს 9 სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმი და დაითვალეს მათი რაოდენობა.
ბიუროს წარმატება აღნიშნულია საბოლოო შედეგებშიც, კერძოდ იმ ლაბორატორიებს შორის, რომლებმაც წარმოადგინეს ანგარიში მრავალ პარამეტრზე სურსათის შტამებში, კვების სამმართველო გამოირჩევა იმით, რომ არ აქვს არც ერთი გადახრა და არც ერთი ცრუ პასუხი.
აღნიშნული ტესტირება სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და შვედეთის სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ჩატარდა. ეს ტესტირების მესამე ტური იყო.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტესტირებებში, ბიუროში მიღებული შედეგების გადამოწმება ევროპის წამყვან ლაბორატორიებში ხდება. რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება ბიუროში ჩატარებული კვლევების მაღალი სიზუსტე და უტყუარობა.