2015 წლის 27-29 აპრილს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მსოფლიოს
წამყვანი ბიოტექნოლოგიური კომპანიის ,,Thermo Fisher Scientific”-ის წარმომადგენელი ალექსანდრ გენტოში ესტუმრა. კომპანია ბიუროს ამარაგებს
გენეტიკური კვლევისთვის გენკუთვნილი აპარატურითა და რეაქტივებით. ამჟამინდელი ვიზიტის
მიზანი კომპანიის მიერ შემუშავებული სამი ახალი ნაკრების დანერგვა იყო, მათ შორის:
ადამიანის ბირთვული დნმ-ის რაოდენობრივ-ხარისხობრივი შეფასებისთვის განკუთვნილი ნაკრები
- ,,Quantifiler®Trio”; პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის საამპლიფიკაციო ნაკრებები - ,,GlobalFilerTM” და ,,Yfiler®Plus”. ,,Quantifiler®Trio” მაღალმგრძნობიარე ნაკრები ადამიანის საერთო და მამაკაცის დნმ-ის შეფასებისთვის,
რაოდენობისა და ხარისხის გაუმჯობესებული ინდიკატორებით. ნაკრები, წინამორბედებთან შედარებით
გამოირჩევა კიდევ უფრო მაღალი სიზუსტითა და მგრძნობელობით, რაც საშუალებას მოგვცემს,
საკვლევ ნიმუშებში აღმოვაჩინოთ ადამიანის უკიდურესად
მცირე ოდენობის ბიოლოგიური მასალა. პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის საამპლიფიკაციო ნაკრები - ,,GlobalFilerTM”, ადამიანის აუტოსომური დნმ-ის ანალიზისთვის, მოიცავს
ყველა იმ ლოკუსს (ერთდროულად 21 აუტოსომური და
მამაკაცის სასქესო ქრომოსომის 3 ლოკუსი), რომლებიც შედის თანამედროვე საერთაშორისო
მონაცემთა ბაზებში, მათ შორის CODIS-ის სისტემაში, რომელიც საქართველოშიცაა დანერგილი. ამ ახალი ნაკრების
გამოყენებით, ჩვენს ლაბორატორიაში მიღებული დნმ-პროფილები კიდევ უფრო ინფორმატიული
გახდება და მეტად ეფექტურობას შესძენს პირის
იდენტიფიკაციას. პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის საამპლიფიკაციო ნაკრები - ,,Yfiler®Plus”, მამაკაცის
სასქესო ქრომოსომის ანალიზისთვის კომპანიის უახლესი პროდუქტია. ეს ნაკრები, ერთი რეაქციის
ფარგლებში, მამაკაცის სასქესო ქრომოსომის 27 ლოკუსის ამპლიფიკაციის საშუალებას იძლევა.
ნაკრები იდეალურია მამრობითი სქესის რამდენიმე პირის ბიოლოგიური მასალის შენარევის
იდენტიფიკაციისთვის, ასევე ქალის ბიოლოგიური მასალის სიჭარბისას, გენეტიკურ პროფილში
მამაკაცის მინარევის აღმოსაჩენად.
კომპანია ,,Thermo Fisher Scientific”-თან თანამშრომლობის შედეგად სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიაში, გენოტიპირებისათვის განკუთვნილი
ახალი ნაკრებების დანერგვა უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საშუალებას
გვაძლევს, ფეხდაფეხ მივყვეთ საერთაშორისო ბიოტექნოლოგიურ ნოვაციებს და ღირსეულად შევინარჩუნოთ
მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებს შორის ჩვენს მიერ დამკვიდრებული ადგილი.