2015 წლის 16 აპრილს საქართველოს პირველად ესტუმრა სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) მმართველი საბჭო, რომელსაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მასპინძლობს. საბჭო დაკომპლექტებულია გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, სლოვაკეთისა და ესტონეთის საექსპერტო დაწესებულებების ხელმძღვანელებით.
ENFSI ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა სასამართლო ექსპერტიზის დარგში და 2009 წლიდან ევროპის კავშირის მიერ აღიარებულია როგორც მონოპოლისტი ამ სფეროში. ENFSI-ის ქსელში ევროპის 35 ქვეყნის 62 საექსპერტო დაწესებულებაა გაწევრიანებული. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2011 წელს მისი სრული წევრი გახდა.
ბიუროს ადმინისტრაციის უფროსი თამარ მელაშვილი ENFSI-ის მმართველი საბჭოს წევრებს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ორგანიზაციის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები.
ENFSI-ის მიზანია უზრუნველყოს სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების მაღალი ხარისხი მსოფლიოში აღირებული მეთოდების გამოყენებით. მიზნის მისაღწევად ENFSI რეგულარულად ატარებს და ორგანიზებას უწევს სამეცნიერო კონფერნეციებს, სემინარებს, ექსპერტების სამუშაო ჯგუფებისა და სხვადასხვა კომიტეტების შეხვედრებს. სასამართლო ექსპერტიზის ბიურო აქტიურადაა ჩართული ამ ორგანიზაციის მუშაობის პროცესში.