Imageსასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო ყოველწლიურად  მონაწილეობს სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებების ევროპული ქსელის (ENFSI) და გაერთიანებული ერების დანაშაულისა და ნარკოტიკების ორგანიზაციის(UNODC) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტესტირებაში და მუდმივად ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.

2014 წლის დეკემბრის თვეში ბიუროში სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებების ევროპული ქსელის (ENFSI) ნარკოტიკების სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა 4 საანალიზო ნიმუში ყოველწლიური პროფესიული ტესტირების ჩასატარებლად. აღნიშნულ ტესტირებაში ევროპული ქვეყნების 62-მა ლაბორატორიამ მიიღო მონაწილება.
(ENFSI) პროფესიული ტესტირება გულისხმობს უცნობი შემადგენლობის ფხვნილებში ნარკოტიკული საშუალებების თვისებრივი და რაოდენობრივი შემცველობის განსაზღვრას. ტესტირებისთვის, როგორც წესი, შეირჩევა რთული ნარევები, რომელთა რაოდენობრივი შეფასება დაკავშირებულია ნარევის კომპონენტთა რთულ ქრომატოგრაფიულ კვლევებთან.  ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური სამმართველოს ექსპერტებმა სწორად შეაფასეს წარმოდგენილი ფხვნილების (მცენარე Cannabis sativa-ს ნარკოტიკული პროდუქტი - ჰაშიში (ტეტრაჰიდროკანაბინოლი), ნარკოტიკული საშუალებები - ამფეტამინი, კოკაინი და PVP) თვისებრიობა და მათი რაოდენობრივი შემცველობაც.

ანალიზის შედეგების სტატისტიკური შეფასების მიხედვით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 1-ელ ადგილს ინაწილებს ტესტირებაში მონაწილე რამოდენიმე ლაბორატორიასთან ერთად.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველომ მეცხრედ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ტესტირებაში და მუდმივად წამყვან პოზიციებს იკავებს. წლევანდელი მონაცემებითაც, ევროპის მაშტაბით  ჩატარებული ტესტირების შედეგებით, ბიურო პირველ ადგილზეა ევროპის რამდენიმე წამყვან ლაბორატორიასთან ერთად, რაც ბიუროს ექსპერტთა მაღალი კვალიფიკაციის,  ბიუროში აპრობირებული მეთოდებისა და გამოყენებული ხელსაწყო-აპარატურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მაჩვენებელია.