სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უსამძიმრებს ბაბუშერადან და გუმისთადან გადმოსვენებული მებრძოლების ოჯახებს და პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მეომართა ხსოვნას.ბაბუშერადან და გუმისთადან გადმოსვენებული ქართველი გმირების იდენტიფიცირების პროცესი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2013 წლის სექტემბერიდან დაიწყო.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დნმ ექსპერტებმა უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების 1500-ამდე ნათესავის გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს, აქედან მომზადდა 230-ი გენეტიკური პროფილი, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა ექსპერტიზის ბიურომ განახორციელა.
საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები გადაგზავნილ იქნა ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში, სადაც შედარება მოხდა ეგზგუმირებული ნეშთების გენეტიკურ პროფილებთან. ამჟამად იდენტიფიცირებულია ოთხი მებრძოლის ნეშთი, რომლის დაკრძალვაც დღეს გაიმართება.
ბაბუშერასა და გუმისთაში დაღუპული მებრძოლების იდენტიფიცირების პროცესი კვლავ გრძელდება. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროცესის დასრულებამდე აქტიურად იქნება ჩართული.