Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს CODIS-ის მომხმარებელთა კონფერენციაში, რომელიც 17-19 ნოემბერს აშშ-ში, ოკლაჰომას  შტატის ქალაქ ნორმანში გაიმართა. კონფერენციას მსოფლიოს მასშტაბით 500 მონაწილე დაესწრო, რომლებმაც  ერთმანეთს  ბაზასთან მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს.

ბიუროს კონფერენციაზე ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თამარ გიორხელიძე და ამავე დეპარტამენტის ექსპერტი, ია ედიბერიძე წარმოადგენდნენ.

„CODIS" (Combined DNA Index System) არის დნმ მონაცემთა ერთიანი სისტემა, რომელიც 1994 წელს, FBI-ს ბაზაზე ჩამოყალიბდა. ეს არის კომპიუტერული სისტემა, რომელიც აგროვებს დნმ-ის მონაცემებს და იძლევა საშუალებას, გაცვალოს ინფორმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ არსებულ ყველა აკრედიტებულ დნმ ლაბორატორიებს შორის.

„CODIS"-ის მონაცემთა ბაზა ხელს უწყობს მთელი მსოფლიოს სამართალდამცავ ორგანოებს შესადარებელი პირის არარსებობის შემთხევაშიც კი გენეტიკურ იდენტიფიკაციაში, ასევე, ოჯახებს ეხმარება დაკარგული პირების პოვნაში, ომის კატასტროფებისა და უბედური შემთხვევების დროს დაღუპული პირების ამოცნობაში.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო „CODIS"-ის მომხმარებელი 2012 წლიდან გახდა. საერთაშორისო ბაზაში ჩასართავად ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გაიარა შემოწმება და ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდგომ ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი „CODIS"-ის მომხმარებელი ლაბორატორია გახდა. ამ პროცესში ბიუროს დახმარება გაუწია საქართველოში ა.შ.შ-ს საელჩოს ანტინარკოტიკულმა და სამართალდაცვითმა პროგრამამ (INL), რომელიც ბიუროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორია.